“მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“–დიპლომატების ერთობლივი განცხადება უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე

ამერიკის საელჩო ხელისუფლებისა და ოპოზიციის  პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ:

“მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.

ჩვენ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი.

მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას.“– ნათქვამია განცხადებაში.