მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად იქნა აღიარებული

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პრორუსული პოლიტიკური პარტია „შორის“ საქმიანობა არ შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას. 19 ივნისს სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნაზე ამ პარტიის კონსტიტუციურობის გადახედვის თაობაზე.

მოლდოვის მთავრობამ სასამართლოს პარტიის საქმიანობის შემოწმების მოთხოვნით  გასული წლის ნოემბერში მიმართა. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ პარტია აწყობდა მასობრივ საპროტესტო აქციებს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით და აქციის მონაწილეებს ფულს უხდიდა.

მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ პარტია მოქმედებდა კანონის უზენაესობის პრინციპების საწინააღმდეგოდ და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას – სწორედ ასეთი ფორმულირებაა 2022 წლის ნოემბერში ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში. „შორის“ პარტიას ბრალად ედებოდა უკანონო დაფინანსება და რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობა.

გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლომ ათი სხდომა ერთთვიანი შესვენებით გამართა.

ამ გადაწყვეტილების მიღების დღიდან პარტია დაშლილად ითვლება. მის არცერთ დოკუმენტს იურიდიული ძალა აღარ ექნება.

ამასთან,პარტიის წარმომადგენლები შეინარჩუნებენ მანდატს პარლამენტში, მაგრამ იმუშავებენ დამოუკიდებელ დეპუტატებად.

მთავრობის განცხადებით, პარტიის საქმიანობა ექვემდებარება ქვეყნის კონსტიტუციის 41-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც პარტიები და სოციალურ-პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთა საქმიანობა მიმართულია „პოლიტიკური პლურალიზმის, კანონის უზენაესობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების წინააღმდეგ არაკონსტიტუციურია.“

გავრცელებულია ინფორმაციით, პროცესის დროს იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ “შორი“ მონაწილეების მოსყიდვით აწყობდა მასობრივ საპროტესტო აქციებს.

“პარტია შექმნილი კორუფციისგან და კორუფციისთვის”

„შორის“ წარმომადგენლებმა პარტიის მიმართ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. „შორის“ თავმჯდომარის მოადგილემ მარინა ტაუბერმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „სამარცხვინო და უპრეცედენტო“ უწოდა.

პარტიის დამფუძნებელი, ილან შორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება: „მაია სანდუმ “შორის“ პარტიის მხარდამჭერ ასობით ათას მოქალაქეს სახეში შეაფურთხა. მინდა მტკიცედ განვაცხადო, რომ მიუხედავად  დაწესებული აკრძალვებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა სოციალურ პროექტს და მივიღებთ მონაწილეობას ყველა არჩევნებში“.

“შორის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, მარინა ტაუბერმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას “სამარცხვინო და უპრეცედენტო” უწოდა. „ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტია დაიშალა. ჩვენ ვერ შევადარებთ საკუთარ თავს თურქეთსა და ბულგარეთში ექსტრემისტულ ქმედებებს, რაც აქ მოგვცეს მაგალითი“, – განაცხადა მან.

მაია სანდუ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: „საკონსტიტუციო სასამართლომ შორის პარტია არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. ეს არის გამოსავალი, რომელსაც საზოგადოება ელოდება სწორედ იმიტომ, რომ მოლდოველებს აფასებენ და სურთ იცხოვრონ დემოკრატიულ, კანონიერ სახელმწიფოში, სადაც კრიმინალურ ორგანიზაციებს სახელმწიფოს ხელში ჩაგდების უფლება არ აქვთ“.

„კორუფციით და კორუფციისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტია საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს და სახელმწიფოს უსაფრთხოებას“, – დასძინა მან.

რა არის ცნობილი პარტია “შორის” შესახებ

შორის პარტიის ლიდერია ილან შორი, ბიზნესმენი, რომელიც ამჟამად ისრაელშია გაქცეული მოლდოვის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დევნის გამო . მანამდე იგი დამნაშავედ ცნეს მოლდოვის საბანკო სისტემის 1 მილიარდი დოლარის გაძარცვაში მონაწილეობისთვის. გასული წლის ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა მის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

გასული წლის სექტემბრიდან შორი კიშინიოვში მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავს მოლდოვის პროდასავლური მთავრობის წინააღმდეგ. ეს მოხდა ენერგო ფასების მკვეთრი ზრდისა და რუსული გაზის მიწოდების შემცირების ფონზე.

2023 წლის დასაწყისში მაია სანდუმ გამოაცხადა, რომ რუსეთი ამზადებდა აჯანყებას მის ქვეყანაში პროდასავლური მთავრობის დასამხობად და პრორუსული რეჟიმის დასამყარებლად. მოლდოვის დაზვერვის თანახმად, ეს გეგმა უნდა განეხორციელებინათ ქვეყანაში გაგზავნილ სამხედრო გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც თითქოსდა  სამოქალაქო პირები იყვნენ.

სანდუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები გეგმავდნენ სავარაუდო აჯანყების განხორციელებას შიდა ძალების მხარდაჭერით, როგორიცაა ოპოზიციური პარტია შორი.

თუმცა, ტაუბერი ამტკიცებდა, რომ მისი პარტია არ ეწინააღმდეგება ევროკავშირს, მაგრამ სურს კარგი ურთიერთობა ყველა მხარესთან.

რუსეთმა ამ ბრალდებებს უწოდა მოლდოვის ხელისუფლების მცდელობა, გადაიტანოს საზოგადოების ყურადღება ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში საკუთარი წარუმატებლობისგან.