“მოწამვლა, უბედური შემთხვევა, მოულოდნელი დაავადება“ – რუსეთის ელიტა პუტინის მოშორების გზებს ეძებს

რუსეთის ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტაში ფორმირდება გავლენიან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მიმართ ოპოზიციურად არიან განწყობილნი.

რუსეთის ელიტა განიხილავს პუტინის ძალაუფლებიდან ჩამოშორებას დასავლეთთან კავშირების აღსადგენად, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გაწყდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო ფეისბუქზე წერს.

აღნიშნულია, რომ რუსული ელიტის ამ ნაწილის მიზანი პუტინის ძალაუფლებიდან სასწრაფოდ ჩამოშორებაა. უკვე განიხილება პუტინის შემცვლელის ვინაობა. ეს შეიძლება იყოს რუსეთის გამოძიების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი. ბოლო დროს მას პუტინი აღარ წყალობდა. ამბობენ, რომ კრემლის ლიდერის უკმაყოფილების მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ ომში დაშვებული შეცდომები გახდა. სწორედ ბორტნიკოვის და მისი უწყების პასუხისმგებლობა იყო უკრაინელების განწყობების და უკრაინული არმიის შესაძლებლობების ანალიზი.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ბორტნიკოვი და ზოგიერთი გავლენიანი რუსი განიხილავენ პუტინის ძალაუფლებიდან ჩამოშორების რამდენიმე ვარიანტს. კერძოდ, არ გამოირიცხება ისეთი სცენარები, როგორიც არის მოწამვლა, მოულოდნელი ავადმყოფობა ან სხვა “შემთხვევითობები“.

უკრაინული დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ სწორედ ამ პროცესებს უკავშირდება ცოტა ხნის წინ რუსეთის მხრიდან კიევის ჩრდილოეთით კადიროველების ადგილმდებარეობის “გაჟონვა“. ამგვარად, ფეესბეს ხელმძღვანელობა ცდილობს რამზან კადიროვის გავლენა შეასუსტოს ან დროულად მოაგვარობს უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობები, რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების გვერდის ავლით.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბუნკერში ცხოვრობს. პუტინს თითქოსდა ფიზიკური ლიკვიდაციის ძალიან ეშინია, რის გამოც დიდი ხანია კრემლში არ გამოჩენილა.