მსოფლიო ვერ შექმნის ვირუსის გავრცელების დამაჯერებელ სტატისტიკას – ზურაბ გურული

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი ზურაბ გურული ფეისბუქზე წერს, რომ მსოფლიო ვერ შექმნის ვირუსის გავრცელების დამაჯერებელ სტატისტიკას და ერთადერთი დამაჯერებელი სტატისტიკა იქნება რეანიმაციის განყოფილებებში მოხვედრილი პაციენტების ხვედრითი წილის დათვლა, რაც სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის გავრცელების სიმწვავის ყველაზე დამაჯერებელ კოეფიციენტს გამოიყვანს.

“ამერიკაში მიმდინარე ტესტირების პროცესზე დაკვირვებიდან აშკარაა, რომ მსოფლიო ვერ შექმნის ვირუსის გავრცელების დამაჯერებელ სტატისტიკას. ამ პროცესის მართვა მოსალოდნელი ეკონომიკური კატასტროფის, უვაქცინობის, უწამლობის, საეჭვო ექსპერიმენტების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი დამაჯერებელი სტატისტიკა, რომელიც შეიძლება შეიქმნას, არის რეანიმაციის განყოფილებებში მოხვედრილი პაციენტების ხვედრითი წილის დათვლა, რაც სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის გავრცელების სიმწვავის ყველაზე დამაჯერებელ კოეფიციენტს გამოიყვანს.
შემდეგ ეს კოეფიციენტი შეჯერებული იქნება ასაკობრივ ჯგუფებთან და ქვეყნების დემოგრაფიულ მონაცემებთან.
შესაბამისად, არის ალბათობა იმისა, რომ მეტნაკლებად მოწყვლადი ქვეყნებისა და არეალების სია შეიქმნას და ეკონომიკის აღორძინების საუკეთესო შანსი გაუჩნდებათ არა იმ ქვეყნებს, რომლებსაც კრიზისის უკეთესი მენეჯმენტი შეუძლიათ, არამედ იმათ, რომელთა პოპულაციაში ბუნებრივად არ მოხდა ვირუსის განსაკუთრებით მწვავედ გავრცელება. ვინ იცის …”- წერს ზურაბ გურული.