“მშიშარა კაცია.. იმალებიან, ისე დადიან”- ბოდბის მთავარეპისკოპოსი მეუფე პეტრეს ემუქრება

ახალი დაპირისპირება საპატრიარქოში – სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სკანდალური აუდიო ჩანაწერის გამო მღვდელმთავრებს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა. საქმე ეხება მღვედლმონაზონ ანდრია სარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მან მეუფე პეტრეს ბრალდებების მტკიცებულებად გაასაჯაროვა.

მამა დავით ჭინჭარაული, რომელიც სკანდალური აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, სამების საკათედრო ტაძარში დღეს პირველად გამოჩნდა, თუმცა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მამა დავითისგან განსხვავებით, რომელიც  პატრიარქთან დაახლოებული პირია, მწვავე განცხადებები გააკეთეს სინოდის სხვა წევრებმა.

“საკითხები, რაზეც ახლა თქვენ მე მისვამთ შეკითხვებს, თუ ეს მართალია, ე.ი. ეს ნიშნავს ქვეყნის დასასრულს პირდაპირ. თუ ეკლესია ამაში არის დამნაშავე, თუ პატრიარქი ამაშია დამნაშავე, მაშინ აღარაფერი მეტი აღარ არსებობს. თუ ასეთი მნიშვნელოვანია, რა დროს პანდემიაა, ჯერ ეს საკითხი უნდა განხილულიყო და თვითონ, ვინც ამ საკითხებს აყენებენ, თვითონ აზრად არ მოსვლიათ თავში, რომ ადრე ეთქვათ რაიმე ამის შესახებ. დამთავრდა პანდემია და ახლა ისევ გაახსენდათ, “- განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. 

მეუფე პეტრეს ღიად დაემუქრა ბოდბის მთავარეპისკოპოსი და დაანონსა, რომ სინოდის მომდევნო სხდომა მისთვის საბედისწერო იქნება.

“ანდრია სარიას თუ რამე რეგალია აქვს საეკლესიო, ყველაფერი ჩამოერთმევა, იმიტომ, რომ ცილისმწამებელი ადამიანია. ვერასდროს ვერაფერი ვერ დაამტკიცა, რასაც ამტკიცებს. მაგენი, ზოგიერთები, იმდენს იძახიან მაგაზე, თითონ გახდებიან შესამოწმებლები მაგ თემაზე. მტერია ჩვეულებრივი, მშიშარა კაცია. იმალებიან, ისე დადიან,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.