ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტი გახდა.  მას მხარი ეროვნული ბანკის საბჭოს უმრავლესობამ, 5-მა წევრმა დაუჭირა, 2-მა კი თავი შეიკავა.

“როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ დამიჭირა მხარი და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

მე, პირველ რიგში, მინდა დავიწყო მადლობით. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს მიუხედავად იმისა, დამიჭირა რომელიმე მათგანმა მხარი თუ თავი შეიკავა, 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიანებს საერთო მიზანი, ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ჩვენი გუნდი, კვლავინდებურად, გააგრძელებს ერთობლივად მუშაობას ეროვნულ ბანკში ამ მიმართულებით.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის, რომ საბჭომ დამიჭირა მხარი, რომ მე შევასრულებ ამ მოვალეობას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში, კანონის თანახმად, ასევე ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ გავხდე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჩვენი, საქართველოს ეროვნული ბანკის. ამ ტრადიციული, ძალიან მდიდარი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, სადაც მუშაობს ძალიან გამოცდილი, ძალიან ძლიერი პროფესიონალთა გუნდი, ვისთანაც ჩვენ ვითანამშრომლებთ ძალიან ბევრ, ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხზე.

მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია, მთავარი მისია არის, იზრუნოს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე და ასევე, იზრუნოს სამომხმარებლო ფასების სტაბილურობაზე. ამ მიმართულებებით, რა საკვირველია, ეროვნულ ბანკს აქვს საკმაოდ სერიოზული მიღწევები იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი საფინანსო სექტორი, იყო პანდემია, შემდეგ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევები, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მძვინვარებს, ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა და ყველას დაუმტკიცა თავისი სიძლიერე, შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები და აქ, რა თქმა უნდა, მთავრობის ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ძალიან დიდი როლი შეასრულა სწორმა, ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ, – ამბობს თურნავა.