ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, დაწყებულია გამოძიება

ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA ავრცელებს. მათი თქმით დღეს, დილის 04:00 საათზე გუმათჰესის დასახლებაში, ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. საწყობში მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა ინახებოდა. მათივე თქმით, აღნიშნულის შესახებ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობეს.

“წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა, რომელიც ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით”, – აცხადებენ კომპანიაში.