ნატოს გენერალური მდივანი: რუსეთი ცდილობს საბრძოლო მოქმედებები დროებით “გაყინოს“, რომ ძალები მოიკრიბოს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს „მცირე ხნით გაყინოს “ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, რათა ძალები აღიდგინოს და გაზაფხულზე  ახალი შეტევა დაიწყოს.

მან ასევე უპასუხა კრიტიკას, რომ დასავლეთის ქვეყნები დაიღალნენ მიმდინარე ომით. მისი თქმით, ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას და მის თავდაცვის უფლებას.

“თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის, ასევე სერიოზული შედეგები ყველა ჩვენგანისთვის, რაც მოკავშირეებს უფრო დაუცველს გახდის და მსოფლიოს უფრო სახიფათოს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიტანული Financial Times-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

თუმცა, მან არ უპასუხა კითხვას, გადასცემს თუ არა ნატო უკრაინას დასავლური ტიპის ტანკებსა და თვითმფრინავებს, რისგანაც უკრაინის მოკავშირეები ჯერჯერობით თავს იკავებენ.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია უკვე გადაცემული იარაღის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება და სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება.

“პარადოქსი ისაა, რომ რაც უფრო მეტად გვინდა მივაღწიოთ მშვიდობიან გადაწყვეტას მოლაპარაკებების გზით, რომლებიც უკრაინის გამარჯვებას უზრუნველყოფს, მით მეტი სასწრაფო სამხედრო დახმარება უნდა მივაწოდოთ უკრაინას, რათა შევქმნათ პირობები სამართლიანი, გრძელვადიანი მშვიდობისთვის“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ასევე, მისი თქმით, ამ დროისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობები არ არსებობს:

“რუსეთი არ აჩვენებს მზადყოფნის ნიშნებს მოლაპარაკებებისთვის – ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. როდის დადგება მოლაპარაკებების დრო –  ეს არ არის ნატოს ან ბრიუსელის გადასაწყვეტი, არამედ უკრაინელების გადასაწყვეტია“.