ოცნებამ მოახერხა, რომ პარტნიორები აღარ ერიდებიან ტერმინს – პოლიტპატიმრები – შავგულიძე

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შალვა შავგულიძე ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” მოახერხა ის, რომ პარტნიორები სიტყვა პოლიტპატიმრების ხსენებას აღარ ერიდებიან.

“ესეც არის ქართული ოცნების მოხერხება, რომ [საერთაშორისო პარტნიორები] უკვე აღარ ერიდებიან პირდაპირ ამ ტერმინს – პოლიტპატიმრები. იმიტომ, რომ ცხადია, როცა ამდენი გარემოება ემთხვევა ერთმანეთს, ეს ყველაფერი გაკეთებინებს ობიექტურ დასკვნას, რომ აქ არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, ყოველ შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება პოლიტიკურ მოტივაციას ხელისუფლების და როცა პრიორიტეტულია პოლიტიკური მოტივაცია, ამ შემთხვევაში იხმარება ფრაზა – პოლიტიკური პატიმრები. ეს ფრაზა უკვე გამოიყენეს ამერიკის სენატის მაღალმა წარმომადგენლებმა”,- განაცხადა შავგულიძემ.

8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მორიგი ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი გამოეხმაურა და თქვა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.

შეთანხმების შესრულებისკენ, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ 8 მაისს მთავრობას ევროპარლამენტარმა კუბილიუსმაც მოუწოდა.