“ოცნებამ” საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებზე, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.

პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი უყარა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე. მოტივირებულ შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 კი წინააღმდეგ წავიდა, შესაბამისად, შენიშვნები არ იქნა გაზიარებული.

კანონის მიხედვით, იზღუდება პრეზიდენტის როლი. კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

კიდევ ერთხელ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი.

ასევე გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

პროექტი ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებას ითვალისწინებს. მათი არჩევის პროცედურა 3-ეტაპიანი ხდება – კერძოდ, პირველ ეტაპზე, ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება. თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შესძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა.

კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაეგზავნება და თუ ის დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, კანონპროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.