“პარლამენტთანაც დავიწყებთ შიმშილობას და ეს იქნება უვადო!” – მაღაროელები ხელისუფლებას და კომპანიას ვადას დღის ბოლომდე აძლევენ

ფოტო : ვახო ქარელი

ჭიათურელმა მაღაროელებმა, რომლებიც  პარლამენტთან არიან შეკრებილები, ხელისუფლებასა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” მოთხოვნების შესრულებისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.

”აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ძველ სამუშაო რეჟიმს, რა თქმა უნდა ეს სამუშაო რეჟიმი უნდა განისაზღვრებოდეს 12 საათიანი რეჟიმით. ასევე უნდა გვქონდეს ე.წ ტონაჟობით მუშაობის უფლება. ვინაიდან ჩვენ შევძლოთ გამოვიმუშაოთ უფრო მეტი. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ჩვენს ირგვლივ არის უამრავი ადამიანი. პირადად ჩემს უკან ახლა დგას 6 ათასი ადამიანი. ამ 6 ათასი ადამიანის უკან დგას ოჯახები.” – განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

აქციის მონაწილის თქმით, თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ უკიდურეს ზომებს აუცილებლად მიმართავენ.

”ამდენი პრობლემების, ამდენი ომის შემდეგ გვპირდებიან ხელფასის მხოლოდ 5 %-ის მატებას. გარკვეული ადამიანების ჯგუფი დაჯდება საშიმშილოდ. დანარჩენი ვიქნებით მათ გვერდით და ეს შიმშილობა იქნება უვადო. ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ისე  წავიდეთ, რომ  ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დაგვხვდეს. ჩვენ ან ვეწირებით ამ საქმეს ან უნდა გადავარჩინოთ ჭიათურა.”- განაცხადა აქციის მონაწილემ.