პიკურ სტადიას შეიძლება აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ- ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით კორონავირუსთან დაკავშირებული პიკური პერიოდი შესაძლოა, აპრილის მეორე ნახევარში იყოს.

მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველი არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ზომები არ უნდა გაამკაცროს.

,,ახალი 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან საკარანტინო ზონებიდან. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ არის განგაშის ზარების შემოკვრის დრო ქვეყანაში, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია გართულებული შემთხვევების მართვისთვის.

ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილში,” – თქვა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში კი მათმა რაოდენობამ 130-ს მიაღწია. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი.