პრეზიდენტი მზად არის ყველა პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ – ბაქრაძე

“პრეზიდენტი მზად არის ყველა პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ “- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა.

“დავიწყებ იმით, რომ შეფასებით ნაწილში, მთელ რიგ შეფასებებს ვიზიარებ, რაც მოვისმინე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ქევყანაში, რამდენად დიდი უპერსპექტივობის განცდაა, როგორ ხდება ახალგაზრდების გადინება, რამდენად დიდ პრობლემას ქმნის დაპირისპირება. ამ ნაწილში, რაც შეეხება ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების შეფასებას, დიახ, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო. მთავარი რასაც საზოგადოება ელოდა და რისი პასუხი მინდოდა, კონკრეტული ნაბიჯები რა უნდა გაკეთდეს. დღეს ჩვენ კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ. პრეზიდენტთან მქონდა საუბარი, დავუსვი ის კითხვები, რაზეც ვსაუბრობდი, რომ რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად პოლიტიკური დევნის დასასრულებლად, იმისთვის, რომ პოლიტიკური ლიდერები არ იყვნენ ციხეში. მისი მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ პროცესი გაგრძელდეს. მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, იმის გამო, რომ ეს პირველი შეხვედრა იყო, ჩავთვალოთ, რომ პირველი შეხვედრის გამო, დეტალებზე საუბარი არ შედგა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ დეტალებზეა დამოკიდებული თანხმობის პროცესი.

ჩემ პოზიციას ვიმეორებ, რომ პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ეროვნული თანხმობა წარმოუდგენელია. დღეს ამაზე პასუხი და პრეზიდენტის შეფასება ვერ მოვისმინე. მისი მხრიდან არსებობს მზაობა, რომ ყველა ეს საკითხი დეტალურად გაიაროს პარტიებთან შეხვედრის დროს. მე არ მინდა, რომ კარი დავხურო, არ მინდა ვთქვა, რომ საბოლოო იყო რაც მოვისმინე. არა, ეს იყო დასაწყისი, იმედი მაქვს, როდესაც ჩვენი შეხვედრა შედგება ყველაფერს დეტალურად გავივლით”, – განაცხადა მან.