პრემიერმა მთავრობის სხდომაზე უკრაინას მხარდაჭერა კვლავ არ გამოუცხადა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ზრდის ფონზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება კვლავ არ გააკეთა. მთავრობის სხდომა პირდაპირ ეთერში 14 წუთზე მეტხანს მიმდინარეობდა.

პარტნიორი ქვეყნისთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია არც “ქართულ ოცნებას”. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ფიქრობენ, რა ფორმით გამოხატონ სოლიდარობა.

ხელისუფლების წარმომადგენლებიდან უკრაინას მხარდაჭერა გუშინ, მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოუცხადა, თუმცა მას საკუთარ ტვიტში რუსეთი არ უხსენებია.

“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”,– დაწერა ზალკალიანმა გუშინ, ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა თავმოყრილი. ასევე, განლაგებულია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო აღჭურვილობა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ აპირებს უკრაინაში შეჭრას.

დიდი ბრიტანეთის ინფორმაციით, რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას და პრორუსული მმართველის დანიშვნას გეგმავს, რასაც კრემლში უარყოფენ. საფრთხის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან.

დღეს უკრაინაში აშშ-ს საელჩომ თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, უკრაინა დატოვონ. თავად თანამშრომლებს კი ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ.