პრიგოჟინის აჯანყებამ უპრეცედენტო დარტყმა მიაყენა პუტინის იმიჯს – Bloomberg

”მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა,  ვლადიმერ პუტინმა ბოლო მომენტში მოახერხა მოსკოვში დაქირავებული ჯარისკაცების გამოჩენის თავიდან აცილება, მისი, როგორც მმართველის იმიჯი, რომელსაც აქვს სრული პოლიტიკური კონტროლი ქვეყანაზე, ძლიერ შეირყა”-  ასე აფასებს ბლუმბერგი ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის მიერ შაბათის წამოწყებული აჯანყების მთავარ შედეგს.

წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა ირწმუნება, რომ პუტინმა არაფრად ჩააგდო არაერთი გაფრთხილება მოსკოვთან მძიმედ შეიარაღებული ”ვაგნერის” მებრძოლების მიახლოების შესახებ, რითაც შოკში ჩააგდო მისი გარემოცვა.

სამაგიეროდ, რუსეთის ლიდერმა დაქირავებულ მებრძოლებს იმდენად ახლოს მისვლის საშუალება მისცა, რომ რეგიონულ ხელისუფლებას ტანკების გამოყენება და თავდაცვისთვის სამხედროების ჩართვა მოუწია. ამან გააჩინა ეჭვები პუტინის შესაძლებლობის შესახებ, მართოს ქვეყანა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო.

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მოსკოვსა და დასავლეთში მომხდარი მოვლენის შეფასებები, ბევრ რამეში, ერთმანეთს ემთხვევა.

აშშ და ევროკავშირი ასევე თვლიან, რომ პუტინის რეპუტაცია და აბსოლუტური ძალაუფლება მძიმედ დაზიანდა. ხოლო სადაო გარიგება ევგენი პრიგოჟინთან, რომელიც დათანხმდა მოსკოვზე აღარ წასულიყო, სულაც არ ნიშნავს სტატუს-კვოს დაბრუნებას.

”რუსეთის ხელისუფლებაში დაპირისპირება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული”- წერს Bloomberg.