პრიგოჟინის აჯანყებას შესაძლოა უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოეწვია – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და NATO-ს ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა კვირას სატელეფონო საუბრისას განიხილეს რუსეთში მიმდინარე მოვლენები, ნათქვამია ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თურქული მხარის თქმით, რუსეთის შიგნით სიტუაციის დროულმა დეესკალაციამ თავიდან აიცილა “უკრაინის გამოუსწორებელი ჰუმანიტარული კატასტროფა”, ნათქვამია საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

კონკრეტულად რას გულისხმობს ჰუმანიტარული კატასტროფა და როგორ შეიძლებოდა რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ის გამოეწვია, არ ზუსტდება.

როგორც სტოლტენბერგთან საუბარში ერდოღანმა განაცხადა, თურქეთი იმედოვნებს, რომ აჯანყების ეპიზოდი იქნება „ახალი ეტაპი უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის გზაზე“.

მხარეებმა ასევე განიხილეს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი. შვედეთმა (ფინეთთან ერთად) ითხოვა ალიანსთან შეერთება უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ფონზე, მაგრამ თურქეთმა ამ დრომდე დაბლოკა შვედეთის განაცხადი ქურთების მიმართ შვედეთის ლოიალობის გამო, რომლებსაც ანკარა მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ თვლის.