პუტინთან დათმობაზე წასვლა სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმაც შემოგვთავაზეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ემანუელ მაკრონის გარდა უკრაინას სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმაც შესთავაზეს პუტინთან დათმობაზე წასვლა.

მისი განცხადებით, უკრაინა ასეთ შემოთავაზებებს არ დათანხმდება.

„ზოგადად, ეს განცხადებები არა მხოლოდ ბატონი მაკრონის, არამედ ზოგიერთი სხვა ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან უცნაურია… ცხადია, რომ უკრაინული საზოგადოება მსგავს მოთხოვნებს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს. მეორე, რაიმე დათმობა რუსეთის ფედერაციისთვის ნიშნავს მინსკ-3-ს და, შესაბამისად, გადადებულ ომს. ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ ეს უნდა გაიგოს, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. და ჩვენ შეგნებულად არ დავთანხმდებით ამას რაიმე ფორმით”, – თქვა პოდოლიაკმა Unian-ის ცნობით.

მისივე შეფასებით, რუსეთის მიმართ ნებისმიერ დათმობაზე წასვლა გამოიწვევს მის სხვა პრეტენზიებისა და მოთხოვნებს უკრაინის წინააღმდეგ.

“ჩემთვის გაუგებარია, ომის 83-ე დღესაც კი რატომ ჩნდება ასეთი აზრები ევროპაში… მათ ალბათ სურთ, დაუბრუნდნენ რუსეთის ფედერაციასთან ბიზნესის ჩვეულ წესებს, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს აღარ მოხდება, რადგან რუსეთის მხრიდან დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი სამხედრო დანაშაულები“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შესთავაზა უკრაინის სუვერენიტეტის საკითხზე დათმობაზე წასვლა, რათა პუტინს სახე შეენარჩუნებინა.