ზელენსკი ამბობს, რა საკითხები განიხილა ბლინკენთან და ოსტინთან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტს აფასებს.

მისი თქმით, აშშ-ს მაღალჩინოსნებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.

“უკრაინისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი კიევში ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან თავდაცვითი დახმარება განვიხილეთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები. მადლობელი ვარ აშშ-ს უპრეცედენტო დახმარებისთვის”.- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდნენ.