რამზან კადიროვმა მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციები დაუწესა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ რამზან კადიროვმა გუშინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კადიროვის თქმით, პომპეოს ჩეჩნეთში აღარ მიიწვევს. ასევე, შეჰყავს სანქციების სიაში.

„ვაცხადებ, მის წინააღმდეგ ამოქმედდეს რესპუბლიკაში არსებული ყველა სანქცია, მათ შორის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. მათ ჩემს წინააღმდეგ იგივე გააკეთეს,“- აღნიშნა კადიროვმა.

მისივე თქმით, არ ესმის, რატომ დაუწესა მაიკ პომპეომ მასსა და მის ოჯახს სანქციები, თუმცა ამით ამაყობს.

„ამით უნდა ვიამაყოთ, ეს ნიშნავს, რომ გვიცნობენ, გლობალურ საკითხებში მსოფლიო დონეზე გვაყენებენ, ჩვენი სახელი მათთვის მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა კადიროვმა.

ცნობისთვის, 20 ივლისს აშშ-მ რამზან კადიროვს და მის ოჯახს წევრებს სხვადასხვა სახის სანქციები დაუწესა. რამზან კადიროვი შავ სიაში, ადამიანის უფლებათა პერმანენტული დარღვევის, სექსუალური უმცირესობების დევნის, უკანანო სასიკვდილო განაჩენების და სხვა დარღვევების გამო მოხვდა.