რატომაა ცოტა ქალი ქართულ პოლიტიკაში? მორალური ძალადობის, სიძულვილის ენის შედეგია – ზურაბიშვილი

”რატომაა ცოტა ქალი ქართულ პოლიტიკაში? მორალური ძალადობის, სიძულვილის ენის შედეგია”  – ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ქალების უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

“ჩვენ წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ღირსნი ჩვენი წარსულის, სწორედ იმისთვის, რომ ქალთა მდგომარეობა ჩვენ ქვეყანაში იყოს ისეთი, როგორც საქართველოს ისტორიას ეკადრება. ჩვენ დღეს ბევრი მიმართულებით ჯერ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რითაც შეგვიძლია ჩვენ ბოლომდე ვიამაყოთ.

მართალია, ქალებს დღეს საქართველოში ძალიან დიდი როლი აქვთ, პრაქტიკულად, არ არსებობას ეკონომიკური სექტორი, კულტურული დარგები, ან რომელიმე მიმართულება, სადაც ქალები ძლიერად არ არიან წარმოდგენილი და ხშირად ჩვენი სახე ქალების მეშვეობით გადის საზღვარგარეთ, შეგვიძლია ამ ქალებით ვიამაყოთ, მაგრამ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება იმ მიმართულებით, რომ  მთავარ მიზანს –  თანასწორობას მივაღწიოთ.

დავიწყებ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითით,  პოლიტიკით, ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობა გაიზარდოს. ჩვენ, ევროპასა და აზიაში პრაქტიკულად ბოლო რიგებში მდგარი ქვეყანა ვართ, ამ მიმართულებით. რატომაა ძალიან ცოტა ქალი წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკაში, პარლამენტსა და მთავრობაში? ეს დღეს პოლიტიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შედეგია: მორალური ძალადობისა და სიძულვილის ენის, რაც ყველამ გამოვცადეთ. ყველამ ვიცით, რომ ეს აფერხებს ქალების შესვლას პოლიტიკაში. ხდება [პოლიტიკური აქტივობისაგან] თავშეკავება, რათა არ ჩადგნენ იმ მდგომარეობაში, რომელსაც ტელევიზიაში ვხედავთ, რაც ახალგაზრდა ქალებისათვის დიდად სასურველი ნამდვილად არ არის… და შედეგიც სახეზეა.

მეორე მიმართულება, სადაც სახარბიელო მდგომარეობა არ არის ეკონომიკაა. ქალები როგორც ძალა, ქვეყანაში არ არიან წარმოდგენილნი, არ არიან იმ საფეხურებზე, სადაც უნდა იყვნენ და იმ ხელფასებით, რაც უნდა ჰქონდეთ. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ყველა თანამედროვე ქვეყანა სწორედ იმისკენ იღვწის, რომ მოხდეს ხელფასების გათანაბრება, მაგრამ ჩვენ ჯერ შორს ვართ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

სოფლად მცხოვრები ქალებისთვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, მათთვის ფინანსურ რესურსთან წვდომაც ბევრად გართულებულია. ეს ვიცით, თუმცა კანონმდებლობით ეს მდგომარეობა არ იცვლება, არ არის მიღებული ზომები, რათა მათ მიეცეთ თუნდაც კრედიტთან ხელმისაწვდომობის საშუალება, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივებიც და წამოწყების უნარიც ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ.

უფრო მძიმე სურათი გვაქვს ოჯახში ძალადობის მიმართულებით. ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ანუ ქალთა მკვლელობა. ეს ყველაფერი სირცხვილია ქვეყნისთვის და პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, ჩვენს იდენტობასა და ყველა იმ ღირებულებებს, რაც გვაერთიანებს და ამდენად, ეს არის მთავარი გამოწვევა, რომ რაღაცნაირად ჩვენ შევძლოთ და დავძლიოთ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა”, – თქვა ზურაბიშვილმა.