რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ კონკრეტული რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად – ევროკომისარის განმარტება

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ”საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები”. ვარჰეიმ ასევე აღნიშნა, რომ  საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი ფუნქციონირება და უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან.

უნდა ვისაუბროთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამ პუნქტის სრულად შესასრულებლად, ქართლმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობდეს დამოუკიდებლად და რომ ვენეციის კომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, ვთხოვთ საქართველოს, გადაეხედოს თავის გადაწყვეტილებას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველომ წინ წაწია თავისი თანამშრომლობა ევროპოლთან და წევრ ქვეყნებთან. ახლა საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის სახელმძღვანელოს ყველა რეკომენდაცია.

რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მომზადებულია ინკლუზიური გზით და უნდა უზრუნველყოს LGBTQI ჯგუფის წევრების შეკრებისა და დაცვის უფლება.

ასევე, რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დანერგოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები“,- განაცხადა ვარჰეიმ.

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ EU-ის 12 რეკომენდაციიდან საქართველომ სრულად მხოლოდ 3 შეასრულა – გენდერულ თანასწორობასთან, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, სახალხო დამცველის დანიშვნა და საქართველოს სასამართლოების მიერ განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკული გათვალისწინება.

ევროკომისარის თქმით, საქართველოს ნაწილობრივი პროგრესი აქვს 7 სფეროში :

  • პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება
  • სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების გარანტია და საარჩევნო ჩარჩოს დამატებით გაუმჯობესება
  • გამჭვირვალე სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება, დანერგვა
  • ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება
  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება
  • მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა

ვარჰეის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაზე შეზღუდული პროგრესი აქვს.

დეოლიგარქიზაციის კუთხით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს და ამ კუთხით ვენეციის კომისიამ თავის უახლეს რეკომენდაციაში ხელახლა განაცხადა, რომ კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული მისი ახლანდელი ფორმით და ამ კუთხით, მე მივესალმები გუშინ მიღებულ მმართველი პარტიის მიერ გუშინ და გუშინწინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ამ კანონპროექტს არ მიიღებენ. ახლა საქართველო უნდა კონცენტრირდეს იმ კანონის მიღებაზე, რომელშიც გაწერილი იქნება სისტემური მიდგომა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის იმ კანონების დანერგვით, რომლებიც შეეხება კონკურენციის პოლიტიკასა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას“, – განაცხადა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.

რაც შეეხება ბოლო, მე-12 პუნქტს, ევროკომისარის თქმით, საქართველოს მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოების პროცედურების სტანდარტების კუთხით პროგრესი არ ჰქონია.