პანდემიის დროს მილიონობით ადამიანისთვის ერთადერთ ნუგეშად შინაური ცხოველები იქცნენ . 2020 წელი ბევრს ავადმყოფობით, სიკვდილით, ლოქდაუნებით, სამსახურის დაკარგვით, იზოლაციით და მარტოობის გრძნობით დაამახსოვრდება. ადამიანებს მათთვის ერთ–ერთი ყველაზე აუცილებელი და საჭირო– ფიზიკური კომუნიკაციის, ადამიანებთან უშუალო ურთიერთობის, ფიზიკური შეხების, გადაკოცნის, ჩახუტების , ანუ ტაქტილური (შეხებით გამოწვეული )შეგრძნებების უფლება წაერთვათ.
მსოფლიოს მილიონობით ოჯახში ასეთი საჭირო ადამიანური კონტაქტები როგორც გაირკვა კატებმა წარმატებით ჩაანაცვლეს.
გამოცემა Journal of Behavioral Economics for Policy (JBEP) სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარებზე დაყრდნობით წერს, რომ პანდემიამდელ ეპოქაში, როდესაც ადამიანებს შორის ურთიერთობა პრობლემა არ იყო, ადამიანები შინაური ცხოველის მოფერების შესაძლებლობას დიდად არ აფასებდნენ და ჩვეულებრივ ამბად თვლიდნენ. თუმცა, იზოლაციის პირობებში ასეთი შესაძლებლობა ბევრისთვის ერთადერთ ნუგეშად იქცა.
“მარტოობის გასაქარვებლად და სტრესის მოსახსნელად მთელ მსოფლიოში ადამიანებმა ლოქდაუნის დროს მასობრივად დაიწყეს თავშესაფრებიდან კატების და ძაღლების აყვანა“ – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი ჯანეტ იანგი.
ზოგიერთი გათვლებით დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სახლში ერთი ან რამდენიმე შინაური ცხოველი ყავს. ცხოველებთან თანაცხოვრების დადებითი გავლენის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ ერთი ასპექტი დღემდე ნაკლებად იყო შესწავლილი.
საქმე ეხება უშუალოდ ტაქტილობას.
“შეხება ჯერჯერობით არასაკმარისად ღრმად არის შესწავლილი. თუმცა იმის მიხედვით, რაც უკვე ვიცით, ცხადია, რომ ფიზიკური შემხებლობა ადამიანის ზრდაზე, ფორმირებაზე და ჯანმრთელობაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს. ასევე კორტიზოლის შემცირებაზე – ჰორმონის, რომელიც სტრესს იწვევს. ასევე ითვლება, რომ ხანდაზმულ ადამიანებში შეხება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სხვა შეგრძნებების შემცირების პარალელურად.“– ამბობს დოქტორი იანგი.
მკვლევარების მიერ ჩატარებული გამოკითხვებისას რესპოდენტების უმრავლესობამ თქვა, რომ შინაური ცხოველების არსებობა მათ საშუალებას აძლევს მოდუნდნენ და თავი კომფორტულად იგრძნონ.
როგორც ირკვევა, ეს ორმხრივი პროცესია, რადგან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ძაღლები და კატები მათთან თვითონ მიდიან, ეფერებიან, მუხლებზე ახტებიან და მაქსიმალურ ყურადღებას გამოხატავენ როცა გრძნობენ, რომ პატრონი ნერვიულობს, ავად არის ან განაწყენებულია.
მკვლევარები ამბობენ, რომ ცხოველები თვითონაც პატრონებზე არანაკლებ სიამოვნებას იღებენ ტექტილური ურთიერთობისგან.
ეს ეხება არა მხოლოდ ძაღლებს და კატებს, არამედ ფრინველებს, ცხვრებს, ცხენებს და რეპტილიებსაც კი.
“ცხოველები ადამიანების მსგავსად ცოცხალი არსებები არიან თავისი ინტერესებით, თავისებურებებით და სურვილებით. კორონავირუსის ეპოქაში, სოციალური დისტანცირების, მოულოდნელი ლოქდაუნების და მთელი რიგი სოციალური რყევების პერიოდში შინაური ცხოველები შეიძლება ერთადერთი ცოცხალი არსებები იყვნენ, ვისთან მიკარებაც ადამიანებს შეუძლიათ. ადამიანებს აქვთ შინაგანი მოთხოვნილება და აუცილებლობა სხვა ადამიანებსთან ფიზიკური კონტაქტი ქონდეთ და ასეთი კავშირის არარსებობისას ამ მოთხოვნილებს ცხოველები ავსებენ“– ამბობს დოქტორი იანგი.
ავსტრალიელი მეცნიერების აზრით მათი კვლევის შედეგების გამოყენება პირველ რიგში სააადმყოფოებისთვის, ჰოსპისებისა და ხანდაზმულთა სახლებისთვის იქნებოდა კარგი, რათა საკუთარი რეზიდენტებისთვის და პაციენტებისთვის იზოლაციის პირობებში ცხოველებთან ურთიერთობა უზრუნველყონ და ამით არსებითად გააუმჯობესონ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.