როგორ აპირებს უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივების კომპენსაციად მიღებას

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა მექანიზმი, როგორ მიიღოს უკრაინამ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელად რუსეთის ფედერაციიდან გარეთ გაყინული აქტივები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ანდრეი სმირნოვმა განაცხადა, რომ ამისთვის ერთდროულად რამდენიმე გეგმა აქვთ შემუშავებული.

„მთავარი არის საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის ფონდებისთვის იმუნიტეტის მოხსნას და მათ განაწილებას დაზარალებულ მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებზე, ასევე ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის“, – თქვა მან “Экономическая правда”-ს ცნობით.

მისივე განმარტებით, კიდევ ერთი გეგმა არის თითოეული ქვეყნის დონეზე, სადაც აქტივები გაყინულია, კანონების მიღება.

„გეგმა B“ არის შესაბამისი კანონის მიღება თითოეულ იურისდიქციაში, სადაც თანხები გაყინულია. ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი კანონპროექტები უკვე დარეგისტრირებულია. საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები ამ კვირაში გაგრძელდება“, – აღნიშნა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ.