„ქვეყნის სირცხვილია, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იდევნება და მას არ აქვს ქვეყანაში დაბრუნების საშუალება და უფლება. აქედან გამომდინარე, თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას და როცა მიიღებს გადაწყვეტილებას დაბრუნებასთან დაკავშირებით, ეს იქნება ვაჟკაცური და ადეკვატური ნაბიჯი. რა როგორ მოხდება, ეს უკვე დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებაზე. ეს ასევე დამოკიდებულია, ოდნავ მაინც ეყოფა თუ არა კეთილგონიერება მმართველ ძალას და ა.შ. ფაქტი არის ერთი, რომ ჯერ კიდევ ჟანრის ლოგიკა მოითხოვს – როდესაც ოდისევსი წავა, ის აუცილებლად დაბრუნდება.

ოდისევსის დაბრუნება არის ჟანრის ლოგიკის ნაწილი, ამიტომ ადამიანი, რომელიც გააგდეს ქვეყნიდან, აუცილებლად დაბრუნდება თავის ქვეყანაში. ასე არის ათასწლეულებში. ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად დაბრუნდება. მისი დაპატიმრების შემთხვევაში ყველა ის ადამიანი, ვინც თვლის, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს უსამართლობა, პოლიტიკური დევნა, ხმა უნდა ამოიღოს და გააპროტესტოს პოლიტიკური დევნა და ეს რა თქმა უნდა, უნდა მოითხოვოს, როგორც ჩემს და სხვა პოლიტიკური პატიმრების შემთხვევაში ითხოვდნენ. მე იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია აქამდე არ მივა”

განაცხადა ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ IPN-ის ცნობით საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.