რუსეთთან მოლაპარაკებებზე სანქციების მოხსნა არ განიხილება – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილია.

პოდოლიაკის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“რა თქმა უნდა, მოლაპარაკების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გლობალური საერთაშორისო სანქციების პრობლემები საერთოდ არ განიხილება. ვინაიდან, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ მათი დაწესების მიზეზი ჯერ არ არის აღმოფხვრილი, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა.

ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მტკიცედ ვურჩევთ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს, უარი თქვან კომენტარებზე, რომლებიც არ არის სანდო და არ შეესაბამება მოლაპარაკების პროცესის რეალურ მსვლელობას”,– განაცხადა პოდოლიაკმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას თეორიულადაც არ შეუძლია რუსებთან სანქციების მოხსნაზე მსჯელობა და რაიმეზე შეთანხმება, რადგან ეს საერთაშორისო პარტნიორებზეა დამოკიდებული.