რუსებმა საევაკუაციო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს ფრანგი ჟურნალისტი – გაიდაი

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელიც აპირებდა 10 ადამიანის გაყვანას, რა დროსაც ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა. უკრაინამ ევაკუაცია შეწყვიტა.

“ოფიციალურად შეწყდა ევაკუაცია. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელიც ხალხის აყვანას აპირებდა. დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი.

დღეს ჩვენი დაჯავშნული საევაკუაციო ტრანსპორტი რეგიონიდან 10 ადამიანის წაყვანას აპირებდა და მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ მოექცა.

ჭურვის ფრაგმენტებმა მანქანის ჯავშანი გახვრიტეს, აკრედიტებული ფრანგი ჟურნალისტი სასიკვდილოდ დაჭრეს კისერში ევაკუაციის შესახებ სიუჟეტის კეთებისას, საპატრულო პოლიციელი ჩაფხუტმა გადაარჩინა. ჩვენ ოფიციალურად ვაჩერებთ ევაკუაციას”,– წერს გაიდაი ტელეგრამზე.