რუსეთის თავდასხმას 22 თებერვალს ველოდით, ვემზადებოდით – დანილოვი

უკრაონის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მოსალოდნელი ომის შესახებ, მაგრამ ელოდა, რომ რუსების შეჭრა დაიწყებოდა 22 თებერვალს და არა 24 თებერვალს.

„ჩვენ ვიცოდით, რა მოხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. უფრო მეტიც, თავდასხმის თარიღი იყო არა 24 თებერვალი, არამედ 22 თებერვალი. ისინი 22 თებერვალს უნდა დასხმოდნენ ჩვენს ქვეყანას თავს.

ერთადერთი, რასაც არ ველოდით, იყო ბელარუსის ტერიტორიის ჩარევა. იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ საბოლოოდ ვიფიქრეთ, რომ სხვაგვარად იქნებოდა. მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა”,- ამბობს დანილოვი BBC-თან ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, უკრაინის დადანაშაულება, რომ ომისთვის არ მოემზადა, არასწორია.

“ჩვენ არ შეგვეძლო გამოვსულიყავით და მოსახლეობისთვის საჯაროდ გვეთქვა: მეგობრებო, 22 თებერვალს ომი იწყება. ეს მიუღებელია საჯარო მმართველობის თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენ ვემზადებოდით.

შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც რუსული ტანკების პირველი კოლონა შევიდა ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე 24 თებერვალს დილის 5 საათზე – თუმცა შეჭრა რეალურად დაიწყო დილის 3:40 საათზე – როდესაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრები შეიკრიბნენ სადღაც 5-დან 6 საათამდე, ყველა იურიდიული დოკუმენტი, რომელიც უნდა გაგვეღო, წინასწარ გვქონდა მომზადებული.

და ვინც ამბობს, რომ ჩვენ არ მოვემზადეთ, არ ესმის, როგორ ხდება ეს ყველაფერი”,- თქვა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.