რუსეთი აზოვსტალის მებრძოლების რუს ტყვეებში გაცვლას არ გამორიცხავს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ არ გამორიცხა აზოვსტალთან ევაკუირებული უკრაინელი მებრძოლების რუს ტყვეებში გაცვლა.

”მე ვაღიარებ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საღ აზრს,” – ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას, უშვებს თუ არა მოსკოვი გაცვლის შესაძლებლობას.

ცნობისთვის, აზოვსტალიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია 16 მაისს დაიწყო და სავარაუდოდ, დასრულებულია. უკრაინა გეგმავს მებრძოლების რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლას.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) ადგენს უკრაინელი მებრძოლების სიას და აცხადებს, რომ მათი პრიორიტეტია სამხედრო ტყვეების პატიმრობისა და მოპყრობის პირობების შემოწმება, მათი გაუჩინარების პრევენცია და ოჯახებთან კონტაქტის შენარჩუნება.