რუსეთი დნესტრისპირეთის რეგიონზე სარაკეტო დარტყმას ამზადებს – უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთი დნესტრისპირეთის რეგიონზე სარაკეტო დარტყმას ამზადებს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლება.

მათი ცნობით, არაღიარებული „დნესტრისპირეთის რესპუბლიკის“ მცხოვრებლები იღებენ SMS-ებს უკრაინის შეიარაღებული ძალების და სპეცსამსახურების სახელით, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას „დნესტრისპირეთის რეგიონის“ ტერიტორიაზე „სარაკეტო და საარტილერიო“ დარტყმის შესახებ.

“ციტატა ყალბი მესიჯიდან: “უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დაჟინებით მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ უსაფრთხო რეგიონებში. გარწმუნებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებს არ სურთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაშავება, მაგრამ ქალაქებში დარჩენილები აღქმულნი იქნებიან დივერსიულ ჯგუფებად და გაფრთხილების გარეშე ლიკვიდირდება. ზუსტად 19:00 საათზე განხორციელდება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ობიექტების სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვა“,– წერია მოკლეტექსტურ შეტყობინებაში უწყების ცნობით.

მათი განმარტებით, ამ გზავნილებს აქტიურად აშუქებენ რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო რესურსები.

“ამ და მსგავს პროვოკაციებთან უკრაინის სახელმწიფოს არანაირი კავშირი არ აქვს. ასეთი სიყალბე და ინციდენტები, რომლებიც სავარაუდოდ დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე მოხდება, სხვა არაფერია, თუ არა რუსული სპეცსამსახურების მორიგი პროვოკაცია უკრაინისა და მოლდოვას წინააღმდეგ”,– აცხადებს უკრაინის დაზვერვა

ცნობისთვის, 25-26 აპრილს მოლდოვაში, ოკუპირებულ დნესტრისპირეთში აფეთქებების სერია მოხდა. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მისი თქმით, დნესტრისპირეთში არის დაძაბულობა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ.