რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა – სიაში საქართველო არ არის

რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთის მიმართ “არამეგობრული” ქვეყნების სია დაამტკიცა, მათ შორის საქართველო არ არის.

რუსეთის განმარტებით, სიაში მოხვდნენ ქვეყნები, რომლებიც სჩადიან არამეგობრულ ქმედებებს რუსეთის, მისი კომპანიებისა და მოქალაქეების მიმართ – დააწესეს ან შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

რუსეთის სამთავრობო მედიის, TASS-ის ცნობით, შესაბამისი ბრძანება დღეს, 7 მარტს დამტკიცდა.

არამეგობრული ქვეყნების სიაში მოხვდნენ: აშშ, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, ასევე იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ტაივანი.