რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედას COVID-19 დაუდგინდა, დეპუტატს ტესტირება უტარდება

რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. დედუპატი თბილისშია გადაყვანილი და შემოწმება უტარდება. ის პარასკევს საკრებულოს სხდომას ესწრებოდა.

საკრებულოს ყველა დანარჩენი თანამშრომელი, რომელსაც დეპუტატთან ჰქონდა შეხება, თვითიზოლაციაშია გადასული.

რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა, მათგან 7 ეროვნული ბანკის თანამშრომელია. ამ დროისთვის ინფიცირებულია 130 ადამიანი, რომელთაგან 26 უკვე გამოჯანმრთელდა.