რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს

რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აღარ არიან, თუმცა მათი ნაწილი ჯერ კიდევ რჩება გაუცხოების ზონაში. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ატომური სააგენტოს მეთაურმა განაცხადა. ევგენი კრამარენკოს თქმით, რუსმა სამხედროებმა წასვლისას თან წაიღეს ელექტროსადგურის ქონების და კომპიუტერების ნაწილი.

გარდა ამისა, რუსულმა არმიამ ტყვედ აიყვანა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაციონალური გვარდიის რამდენიმე თანამშრომელი.

ხუთშაბათს საღამოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ჩერნობილის ზონაში რუსი სამხედროების დასხივების შესახებ.

“მაგატეს ახლა არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა რადიაციის მაღალი დოზები მიიღეს ჩერნობილის გაუცხოების ზონაში ყოფნისას. სააგენტო ცდილობს მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია სიტუაციის დამოუკიდებლად შესაფასებლად“– ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათობით რუსმა სამხედრომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში, კერძოდ კი სადგურის ახლოს მდებარე ცნობილ “წითურ ტყეში“ დასხივება მიიღო, სოციალურ ქსელებში და მედიაში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ვრცელდება.