რუსეთის ჯარები სლავიანსკში და კრამატორსკში გარღვევას ცდილობენ – ბრიტანეთი

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს იზიუმისა და სევეროდონეცკის მიდამოებში, რათა გაარღვიოს სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულება.

“ამ მიმართულებით უპირველესი ამოცანაა უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, მათი იზოლაცია ქვეყნის დასავლეთში მყოფი დანაყოფების მიერ მხარდაჭერისა და გაძლიერებისგან”,– იუწყება დაზვერვა.

მათივე ცნობით, უკრაინელებმა წარმატებით აღკვეთეს რუსების მიერ მდინარის გადაკვეთის მცდელობა დონბასში.

“სურათები მიუთითებს, რომ სევეროდონეცკის დასავლეთით მდინარე სივერსკის გადაკვეთისას, რუსეთმა დაკარგა მინიმუმ ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ჯავშანტექნიკის ელემენტები და ასევე განლაგებული პონტონური ხიდის აღჭურვილობა”,– ვკითხულობთ განცხადებაში.

დაზვერვის შეფასებით, მდინარის გადაკვეთის მცდელობა უაღრესად სარისკო მანევრია და მიუთითებს იმაზე, თუ რა ზეწოლას განიცდიან რუსი მეთაურები აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციებში პროგრესის მისაღწევად.

მათივე განცხადებით, რუსეთის ძალებმა ვერ მიაღწიეს რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას, მიუხედავად ძალების კონცენტრირებისა ამ მხარეში, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან ქვედანაყოფების გაყვანისა და განლაგების შემდეგ.