სააკაშვილის დავალება იყო, 30 ოქტომბერს კლინიკიდან მხარდამჭერებს გაეყვანათ – პრემიერი

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს დაავალა, რომ კერძო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, 30 ოქტომბერს ის კლინიკიდან გაეყვანათ.

“სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ იგი დაიწყებდა სიმულიანტობას, რომ თითქოს მისი მდგომაროება მძიმდება, რომ რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში. მისი ილუზიებით, 30 ოქტომბერს მათი მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან და გაათავისუფლებდნენ. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან”,– ამბობს ღარიბაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს გეგმა მესამე პრეზიდენტს ჩაეშალა, რადგან მას საჭიროების შემთხვევაში ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამის თქმით, არსებობს რისკი, რომ ყოფილ პრეზიდენტს გული გაუჩერდეს, რის გამოც ის არა ციხის საავადმყოფოში, არამედ მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

გვარამიას განმარტებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ კონსილიუმს არ განუხილავს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი, ეწინააღმდეგება თავად კონსილიუმის დასკვნას.

მისივე ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის ლიკვიდაცია მოხდეს.