სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება – პენიტენციური სამსახური

“სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება “- ამის შესახებ, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩიდრაშვილმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“პაციენტი იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები, როგორიცაა: არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია ნორმის ფარგლებშია. ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები. იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება”, – თქვა ჩიდრაშვილმა.

მესამე დღეა ექიმთა კონსილიუმს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის და მდგომარეობის შემოწმების საშუალება არ აქვს.