სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის ოფიციალურ მოთხოვნაზე უარის საფუძველი გვაქვს – ბრეგაძე

“სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის ოფიციალურ მოთხოვნაზე უარის საფუძველი გვაქვს” – აცხადებს, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი თქმით,  საქართველოს უკრაინის სასამართლოსგან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია. ამის შესახებ ბრეგაძემ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“მსგავსი სახის ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან შეიძლება გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. თუმცა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვე არის საერთაშორისო შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობითაც გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება.

როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ იმასაც, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, იმთავითვე არსებობს უარის თქმის გამოკვეთილი საფუძველი”, – თქვა ბრეგაძემ იმედის ეთერში.