სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, ჩვენი გუნდი აშენებს – ჩხენკელი

განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სააკაშვილი სკოლებს ანგრევდა, ისინი კი აშენებენ.

“როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, მათგან განსხვავებით ჩვენი გუნდი სკოლებს აშენებს. აკეთებს არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას, მათი ევროპული სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას. ამის მაგალითი მრავლად არის და ეს ტენდენცია გაგრძელდება”,– თქვა ჩხენკელმა ქობულეთში მერობის კანდიდატის წარდგენისას.

მისივე აზრით, არჩევნებში ქართულმა ოცნებამ უნდა გაიმარჯვოს, რათა “ჭეშმარიტად განათლებული თაობა” გვყავდეს.

“მეგობრებო, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში არის უაღრესად დიდი. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი განათლების სისტემის მთლიანად განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს”, — განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.