საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტში შესვლა არ სჭირდება – დეკანოიძე ელისაშვილს

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების შემთხვევაში, პარლამენტში შევა.

დეკანოიძის შეფასებით, პარტია მოქალაქეების ლიდერის არგუმენტაცია ძალიან სუსტია.

“არ ვიცი, ორი კაცი შევალთ პარლამენტშიო?! ეგ ვეღარ მოვისმინე. ორი კაცი გავიდა მაგის პარტიიდან და ანუ, ორი კაცი ეყოლება ოპოზიციას?! რიტორიკული კითხვა იყო. საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომელსაც გვთავაზობენ “ოცნების” წარმომადგენლები, ამას პარლამენტში შესვლა არ სჭირდება, თუ პოლიტიკური ნება იქნება, ამას “ოცნება” ისედაც გააკეთებს. მე ვიცი ჩვენი პარტიის პოზიცია, ვიცი ოპოზიციის უმრავლესობის პოზიცია. ჩვენთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, რიგგარეშე არჩევნების და არჩევნებამდე მისასვლელი გზის დადასტურების გარეშე ცალკე დოკუმენტი, შეთანხმება და რაღაც რამდენიმე გადმოგდებული ცვლილება საარჩევნო კომისიებში, ეს ჩვენთვის არ არის გადამწყვეტი.

ქართული ოცნების მხრიდან ჟვანიას გამოცვლაზეც კი არ არის საუბარი. მე არ ვიცი, თუ ამაზე, პოლიტპატიმრებზე და რიგგარეშე არჩევნებზე შეიძლება რამე გაიცვალოს, ჩემთვის ეს იქნება ოპოზიციის ერთობის დარღვევა და სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მემეტება არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმ პარლამენტში შესასვლელად”, – თქვა დეკანოიძემ ფორმულას ეთერში.

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდებიან და გარანტიებს მიიღებს, ის პარლამენტში შევა.

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მოქალაქეების ლიდერი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს.