საგანგებოს გარეშე შეზღუდვების შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ჩარჩო გვჭირდება – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების გასაგრძელებლად, მთავრობას შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო სჭირდება, ამიტომ მიმართეს პარლამენტს თხოვნით.

,,გაუაზრებელი, ერთბაშად მოხსნა ის შეზღუდვები, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეფექტურად გვემართა ვირუსი, არის უბრალოდ უპასუხისმგებლო ნაბიჯი.

საკანონმდებლო ჩარჩო გვჭირდება ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად, ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, მუშაობა მიმდინარეობს და იმედია, რომ გარკვეული შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის, იქნება შენარჩუნებული”, – ამბობს გახარია.

საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს პარლამენტი კენჭს დღეს უყრის.

მას პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეძლებს.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.