სამართალდამცველები 2019 წელს წამების ფორმად იყენებდნენ ცემას, იყო გაუპატიურებისა და იძულებითი აბორტის ფაქტიც – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის 29 აპრილს “წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფორმები და პრევენცია“ ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა.

საია-ს განცხადებით, ანგარიშის მიზნებისათვის გაანალიზდა 2019 წელს საია-ს მიერ წარმოებაში აღებული 10 სისხლის სამართლის საქმე. შეფასდა არასათანადო მოპყრობის კონკრეტული ფორმა, მისი განმახორციელებელი სუბიექტი/სუბიექტები, პირის დაზარალებულად ცნობის საკითხი, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების პრობლემურობა. ასევე, ანგარიშში გაანალიზებულია ქართული კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, არასათანადო მოპყრობის საქმეებზე მომუშავე ადვოკატებისა და პენიტენციარული დაწესებულების 2 მსჯავრდებულის  გამოკითხვის შედეგები.

ასოციაციის განცხადებით, წინა წლების მსგავსად, სამართალდამცველი უწყებების მხრიდან გამოწვევად რჩება მსგავსი ფაქტების სათანადო კვალიფიკაცია, გამოძიების გონივრულ ვადებში წარმართვა, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაზარალებულად ცნობა. საია პოზიტიურად აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასა და მისი ამოქმედებას, თუმცა, უარყოფითად მიიჩნევს სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონის იმ რედაქციით მიღება, რომლის მიხედვითაც, ინსპექტორს შეზღუდული მანდატი აქვს.

საია გამოვლენილ ძირითად მიგნებებს ასახელებს:

,,- საიას წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზმა აჩვენა, რომ 2019 წელს სამართალდამცველთა მხრიდან წამების/არასათანადო მოპყრობის ფორმად, ძირითადად, გამოყენებული იყო ცემა, თუმცა, ფიქსირდება ფსიქოლოგიური ძალადობის, ერთ შემთხვევაში – იძულებითი აბორტის და ერთ შემთხვევაში –  გაუპატიურების ფაქტებიც.

– საიას წარმოებაში არსებული საქმის ერთ-ერთმა დაზარალებულმა და პენიტენციარულ დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ მათზე ზეწოლის შემდგომ სუიციდის მცდელობა ჰქონდათ, რაც წამების/არასათანადო მოპყრობის ფსიქოლოგიური შედეგების სიმძიმეზე მიუთითებს.

– საიას წარმოებაში არსებული წამების/არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიება, მიუხედავად მათი სიმძიმისა, უმეტეს შემთხვევაში იწყება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (60%).

– სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა უმეტესობის გამოძიება  პროკურატურის მიერ დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (91%).

– არასათანადო მოპყრობის საქმეებში მსხვერპლთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ დაბალია, კერძოდ, საიას წარმოებაში არსებული 10 საქმიდან მხოლოდ ორი პირია ცნობილი დაზარალებულად.

– საიას წარმოებაში არსებული საქმეებიდან, სადაც გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 333-ე მუხლით, არცერთში არ არის ბრალი წარდგენილი.

– პროკურატურის მიერ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაწყებული გამოძიებების სტატისტიკის (2019 წლის ცხრა თვის მონაცემები) თანახმად, ძალიან დაბალია სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი. პროკურატურის მიერ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაწყებულ გამოძიებებში სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 3 პირის მიმართ განხორციელდა, რაც საქმეების მხოლოდ 1.6%-ია.

– 7 საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება გასაჩივრებულია სასამართლოში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან სასამართლომ მხოლოდ 1 საჩივარი დააკმაყოფილა.

გამოვლენილ მიგნებებზე დაყრდნობით, რელევანტური სახელმწიფო უწყებებისათვის მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. საია იმედოვნებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, მეტად მოხდება არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენცია.

ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – ,,წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში“, ფარგლებში, რომელსაც საია 2018 წლის თებერვლიდან წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან (GCRT) ერთად ახორციელებს”,- წერია საიას განცხადებაში.