ძალიან კარგია, რომ ნიკა გვარამია თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა თავისუფალი არ არის, მანამ, სანამ მას ივანიშვილის რეჟიმი მართავს.

მე მინდა მივულოცო ნიკა გვარამიას, მის ახლობლებს, ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად საზოგადოებას, ვინც ადეკვატურად აფასებდა ამ უმძიმეს პრობლემას. ასეთ ვითარებაში სრულიად გასაგებია ემოციებიც, ეს საქმე ივანიშვილის სტანდარტითაც კი ყველაზე უტიფარი საქმე იყო პოლიტიკურ საქმეებს შორის.

იმის მიუხედავად, რომ ემოცია გასაგებია, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საერთო ვითარების საღი შეფასება. ჩემი მთავარი რიტორიკული კითხვა ამ ამბის შემდეგ არის – არსებითად, გავხდით თუ არა უკეთესი ქვეყანა? რეალურად დავუახლოვდით თუ არა ჩვენს დასავლურ იდენტობას, დასავლურ, ევროპულ მომავალს? სამწუხაროდ, ამაზე პასუხი არის – არა.

ჩვენ წარსულშიც გვახსოვს შეწყალების ინსტრუმენტით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების არაერთი შემთხვევა და დაგროვებული გვაქვს გამოცდილება, რომ ამას ქვეყანა საბოლოო ჯამში წინ არ წაუყვანია, მეტიც, ჩვენ გვქონდა საფუძველი, რომ ამ საქმეებს ივანიშვილი და მისი რეჟიმი იყენებდა როგორც მძევლებით ვაჭრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანამ გვყავს რეჟიმი, რომელსაც ძალუძს, უნდა და შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ასე დაჭერა ასეთ უტიფარ საქმეზე, მანამდე ჩვენი გასაჭირი და პოლიტიკური უბედურება არ არის მოგვარებული.

არ უნდა მოგვატყუოს ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის აგრესიულმა, სიძულვილნარევმა რეაქციამ, ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონდათ მათ წინა შემთხვევებზეც და ეს მხოლოდ მათ ბუნებაზე მეტყველებს, რომელიც ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველაზე უფრო ამაზრზენი ფორმით ჩანს, როცა ახსენებენ საზოგადოებას გვარამიას თავდასხმებს ზურაბიშვილზე. ამით ადასტურებენ, რომ მართლმსაჯულება და სამართლიანობა ესმით როგორც პირადი ურთიერთობების გარკვევა, ეს არის მათი სახე, მაგრამ ეს არ გვაძლევს ზეიმის საფუძველს.

ვიმეორებ, სანამ არის რეჟიმი, რომელსაც სწორად მიაჩნია ასე დაჭერა ადამიანების და სანამ არის სისტემა, რაც მათ ამის საშუალებას აძლევს, მანამდე ჩვენ თავისუფლების სამშვიდობოს გასულები არ ვართ და არ უნდა დავკარგოთ ფოკუსი.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბრობს.