სანქციებზე მომუშავე ჯგუფმა რუსი ოლიგარქების 30 მილიარდი დოლარის ქონება დააყადაღა

მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფი,  უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ  რუსეთზე სასანქციო ზეწოლისთვის მარტში შეიქმნა, ამბობს რომ რუსი ოლიგარქების კუთვნილი, 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაბლოკა ან მისი კონფისკაცია მოახდინა.

ლუქსის კლასის იახტების, თვითმფრინავების, მდიდრული სახლების და სხვა ქონების გარდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებს ეკუთვნის, REPO-ს სახელით ცნობილი სამუშაო ჯგუფი  აცხადებს,  რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინა.

ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „REPO-ს სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, მომავალ თვეებში ჯგუფის წევრები გააგრძელებენ სანქციებ-დაწესებული რუსული ქონების ძებნას და სანქციების ქვეშ მყოფ რუსებს საშუალებას არ მისცემენ ძირი გამოუთხარონ იმ ზომებს, რომელსაც REPO-ს წევრებმა ერთობლივად მიმართეს“.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა და ხაზინამ 16 მარტს შექმნეს REPO (Russian Elites, Proxies and Oligarchs), როგორც რუსეთის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი საერთაშორისო სანქციების ნაწილი. შეერთებული შტატების გარდა მის წევრებს შორის არიან ავსტრალია, ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და ევროკავშირი.

REPO-ს გარდა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამ მიზნით სააგენტოთშორისო სამუშაო ჯგუფი KleptoCapture (კლეპტოქაფჩერ) ჩამოაყალიბა, ევროკომისიამ კი გაყინვის და კონფისკაციის საკუთარი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულება მოახდინოს.

აპრილში, ესპანეთის ხელისუფლებამ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თხოვნის საფუძველზე, რუსი მილიარდერის, ვიქტორ ვექსელბერგის 90 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერ იახტა დააკავა.

მაისში, ფიჯის სამართალდამცავებმა, სანქცირებული რუსი ოლიგარქის – სულეიმან ქერიმოვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს. 106 მეტრიანი მდიდრული იახტა „ამადეა“ სან-დიეგოს ყურეში ორშაბათს გადაიყვანეს.