საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა

საქართველოში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩამოვა. ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თურქეთის მხარე საქართველოს მთავრობასთან ვიზიტის თარიღის შეთანხმებას ელოდება.

თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი ამბობს, რომ ერდოღანის ვიზიტი 2018 წელს, თურქეთში გახარიას ვიზიტისას გადაწყდა, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

„როდესაც საქართველოს წინა პრემიერ-მინისტრი გახარია ჩავიდა თურქეთში, 2018 წელს, მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უნდა გამართულიყო მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთში, რომელშიც თურქეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებდნენ მონაწილეობას. ამის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი უნდა ჩამოსულიყო ვიზიტით საქართველოში გაზაფხულზე, მაგრამ დაიწყო პანდემია და ყველაფერი დაიხურა.

ახლა ვცდილობთ, თარიღის შეთანხმებას და ველოდებით, საქართველის მთავრობას და მათ განრიგს. ჯერ არ ვიცი, როდის შედგება ეს შეხვედრა, თუმცა ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში, რაც შეიძლება მალე, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება. ერდოღანი ეწვევა საქართველოს, მან ეს თქვა მედიასთან შეხვედრაზე, მაგრამ თარიღი ჯერ უნდა შეთანხმდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება შესაძლებელი“ – თქვა თურქეთის ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.