“სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე“ –მეფე ჩარლზ III და კენტერბერის არქიეპისკოპოსი საშობაო მიმართვაში რუსეთს მოუწოდებენ ომი შეწყვიტოს

მეფე ჩარლზ III-მ, რომელმაც ოჯახთან ერთად მიიღო მონაწილეობა საშობაო მსახურებაში სანდრინგჰემის სასახლეში, ბრიტანელებს საშობაო სიტყვით მიმართა და შეახსენა, რომ სინათლე, რომელიც სიბნელეს სძლევს, აუცილებლად აინთება. თავის მხრივ, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ შობის დღეს გამართულ ქადაგებაში გაიხსენა უკრაინაში ვიზიტი და რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

სამეფო ოჯახმა შობა სანდრინგჰემში  2019 წლის შემდეგპირველად გაატარა. დღევანდელ დღესასწაულს მისი სამი თაობა აღნიშნავს – მეფე, დედოფალი–კონსორტი კამილა, უელსის პრინცი და პრინცესა უილიამი და ქეითი, მათი შვილები. დღესასწაულზე ასევე იყვნენ სამეფო სახლის სხვა წარმომადგენლები.

პრინცი ენდრიუ ოჯახურ ზეიმზე არ იმყოფებოდა.ის  გასულ წელს  სამეფო მოვალეობებისგან ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრობის სკანდალის გამო  გაათავისუფლეს.

მეფე და მისი ოჯახი მამულიდან ეკლესიამდე დილის 11 საათზე ფეხით გავიდნენ. ამ მომენტის გულისთვის მამულის ჭიშკართან მისულმა ასობით ადამიანმა მთელი ღამე შაბათიდან კვირამდე იქ გაატარა.

45-წუთიანი მსახურების შემდეგ მეფე, დედოფალი და უელსის პრინცი და პრინცესა სამკვიდროში მისულ ხალხს გაესაუბრნენ.

მეფე ჩარლზ III-მ ტრადიციის დაცვით შობას პირველად უმასპინძლა სამეფო ოჯახის წევრებს. მისმა დედამ, დედოფალმა ელიზაბეტ II-მ 32-ჯერ გამართა საშობაო მიღება სანდრინგჰემში, მაგრამ იძულებული გახდა2020 და 2021 წლებში  გაეუქმებინა იგი COVID-19 პანდემიის გამო.

შუადღის სამ საათზე გაკეთდა მეფე ჩარლზ III-ის მიმართვა ერისადმი წმინდა გიორგის სამლოცველოდან, სადაც სექტემბერში დედოფალი დაკრძალეს.

სამეფო მიმართვა საშობაოდ არის ტრადიცია, რომელიც 90 წლის წინ, 1932 წელს, ჩარლზ III-ის პაპის, ჯორჯ V-ის მიერ, BBC-ის დამფუძნებლის, სერ ჯონ რეითის დახმარებით დამკვიდრდა.

ჩარლზ III-ის , როგორც მონარქის პირველი საშობაო მიმართვა ერისადმი, სოლიდარობასა და თანაგრძნობას ეხებოდა.

მეფემ მადლობა გადაუხადა ბრიტანელებს იმ „სიყვარულისა და თანაგრძნობისთვის“, რომელიც ქვეშევრდომებმა სამეფო ოჯახს ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ გამოუცხადეს.

“განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ საოცრად კეთილ ადამიანებს, რომლებიც სწირავენ საკვებს, ფულს ან დროს, რათა მხარი დაუჭირონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენი ეკლესიები, სინაგოგები, მეჩეთები, ტაძრები და გურდვარები კვლავ ერთად კვებავენ მშივრებს”– თქვა მეფემ..

„ასეთი გულწრფელი სოლიდარობა, მოყვასის საკუთარი თავის მსგავსად სიყვარულის პრინციპის განსახიერება, ძალიან შთამაგონებელია“, – დასძინა ჩარლზ III-მ.

ინგლისის ეკლესიის სულიერმა ლიდერმა, კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ საშობაო ქადაგებაში ისაუბრა გარდაცვლილ ელისაბედ II-ზე, ბრიტანეთში რეკორდული ინფლაციისა და უკრაინის ომის გამო ფასების ზრდის შესახებ.

მან მოუწოდა რუსეთს და სამხრეთ სუდანს, შეწყვიტონ ომები მეზობლებთან: „მსოფლიო თვალს ადევნებს, მისთვის ეს სულერთი არ არის და მმართველებს სამართლიანად მიეზღვებათ.

მაშინაც კი, როცა სამყარო ივიწყებს და შორდება უსამართლობას და ტანჯვას, ყურადღებას არ აქცევს ომს, უფალი იესოს მეშვეობით იმყოფება მასში… ღმერთი არ გვტოვებს“, – განაცხადა მეუფემ.

“ჩვენ ვხედავთ სიბნელეს… და ბუჩაშიც კი, მთელი იმ საშინელების ფონზე, სიბნელე ვერ დაამარცხებს სინათლეს”, – თქვა ჯასტინ უელბიმ.