”საქართველოს მთავრობა მომიტინგეების დასაშლელად ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს. ზემოქმედება კვირების განმავლობაში გრძელდება. სისასტიკის ახალი დონე. ერთადერთი კითხვა ის არის, თავად მოიგონეს ეს თუ რუსმა უფროსებმა დაავალეს,”
ასე ეხმაურება, მაგნიტსკის აქტის შემქმნელი, სერ უილიამ ბროუდერი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას.
„მაგნიტსკის აქტი“, 2012 წელს, ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული კანონია, რომელმაც სანქციები დაუწესა 2009 წელს რუსი ბიზნესმენის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში დამნაშავე რუს მოხელეებს. წლების განმავლობაში აქტის ადრესატების სია გაფართოვდა და ამჟამად მასში 650-ზე მეტი ადამიანის სახელია შესული. „მაგნიტსკის სიაში“ ხვდებიან ადამიანები, რომლებიც, შეერთებული შტატების ხელისუფლების კვლევებით, მონაწილენი არიან ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებსა და კორუფციაში.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა საქართველოს კიდევ ოთხ მოქალაქეს – ორ მოქმედ მაღალჩინოსანსა და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერს. ესენი არიან:
- ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი;
- მილერი ლაგაზაური, „ხარებას“ მოადგილე;
- კონსტანტინე (კოკა) მორგოშია, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ლიდერი;
- ზურაბ მახარაძე, ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერი.















