დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ბრძანება არ გაუცია, იუწყება ამერიკული გამოცემა Wall Street Journal, რომელიც ეყრდნობა იმ პირებს, ვინც ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების ბოლო სატელეფონო საუბრის შინაარსს იცნობს.
როგორც Wall Street Journal წერს, ტრამპმა პარასკევს ზელენსკის უთხრა, რომ მისი მითითებით მხოლოდ ამერიკული საბრძოლო მასალის მარაგების აუდიტი ჩატარდა – მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანში ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.
„მაგრამ მან განაცხადა, რომ არ მიუცია ბრძანება თავდაცვის სამინისტროსთვის, შეეჩერებინა შეიარაღების მიწოდება,“ – უთხრეს გამოცემას წყაროებმა.
ორშაბათს ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ახალ სამხედრო დახმარების პარტიებს გაუგზავნის, ხოლო პენტაგონმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ამ მიწოდებას უკვე იწყებს.
ტრამპმა თქვა, რომ ამერიკას ისევ მოუწევს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. პენტაგონმა მაშინვე განაცხადა, რომ უკვე იწყებს გადაზიდვებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ დროებით შეაჩერა კიევისთვის იარაღის, მათ შორის „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის რაკეტების, ჭურვებისა და სხვა რაკეტების მიწოდება. ოფიციალურად ეს ახსნილი იყო ამერიკული მარაგების ამოწურვით, თუმცა ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ რეალურად ამერიკული შეიარაღების ოდენობა შეშფოთებას არ იწვევდა.
დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მის მიერ დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა უკვე სამჯერ შეაჩერა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ყველა ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უქმდებოდა და სამხედრო დახმარება კვლავ აღდგა.