უკრაინა მარიუპოლის სამხედრო გზით დებლოკადისთვის ემზადება – მაქსიმ ჟორინი

აზოვის პოლკის ყოფილი მეთაური მაქსიმ ჟორინი ამბობს, რომ მარიუპოლის დებლოკადის დიპლომატიური გზის გარდა, უკრაინელი სამხედროები ქალაქის განბლოკვის სამხედრო გეგმის მომზადებაზეც მუშაობენ.

მისი ცნობით, ეს სამუშაო მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან ერთად.

ჟორინის შეფასებით, პირველ თვე-ნახევარში აბსოლუტურად რეალური იყო მარიუპოლის სამხედრო დებლოკადა, რადგან ეს პროცესი შედარებით მცირე ძალებით იყო შესაძლებელი. მისი თქმით, ასობით მოხალისემ გამოთქვა მზადყოფნა დებლოკადაზე წასულიყო, მიუხედავად ოპერაციის სირთულისა.

“დიპლომატიური პროცესის გარდა, პარალელურად მიმდინარეობს მზადება ქალაქის სამხედრო დებლოკადისთვის. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ეტაპიანი გათავისუფლებული ქალაქებიდან გადაჯგუფებით”,– განაცხადა ჟორინმა 24-ე არხთან ინტერვიუში.

აზოვის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამას დიდი დრო დასჭირდება, რადგან პირველ რიგში საჭიროა სამხედრო ტექნიკისა და იარაღის შევსება.

“არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ, ვინც ახლა აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან, ეს დრო აქვთ. ამიტომ, ჩვენ ვემზადებით და პარალელურად ვმუშაობთ ორი მიმართულებით: დიპლომატიური – მათი გადასარჩენად და იქიდან გამოყვანის მიზნით და სამხედრო – რასაც ნებისმიერ შემთხვევაში განვახორციელებთ“, – განმარტა მაქსიმ ჟორინმა.