უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – 1 წელი ევროპული პერსპექტივიდან

15 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია თბილისში“ სამი ორგანიზაცია – „სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) და „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ გამართავს კონფერენციას „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“.

კონფერენციის მიზანია, უზრუნველვყოთ დიალოგისა და დისკუსიის სივრცის არსებობა, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე – ევროკავშირის შეფასებაზე, რომელსაც მოჰყვება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ისევე, როგორც ნატოს მომავალ სამიტზე ვილნიუსში.

2022 წლის ივნისის შემდეგ, ქვეყანაში მოვლენები საკმაოდ დრამატულად, თუმცა დინამიურად განვითარდა. დაძაბული ვითარების ფონზე, სხვადასხვა აქტორების მიერ, შემუშავდა რამდენიმე სამოქმედო გეგმა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და საუკეთესო შედეგის მისაღწევად. გაიმართა არაერთი კონსულტაცია, დისკუსია. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც მომზადდა რამდენიმე ანგარიში/რეკომენდაცია. ჩვენი მიზანია, შევკრიბოთ დაინტერესებული მხარეები, გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები, დასკვნები, მოხდეს ყველა რეკომენდაციის სინქრონიზაცია და ერთხმად დავუჭიროთ მხარი, საქართველოს ევროპული ოცნების რეალიზაციის პროცესს.

“ჩვენი მიზანია, კონფერენციის მსვლელობის დროს, განვიხილოთ და გავაანალიზოთ ევროინტეგრაციის არსი, ფორმალური პროცედურების მიღმა. გვსურს, შევთანხმდეთ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომელსაც თანამედროვე, ევროპული საქართველო უნდა ეფუძნებოდეს. ზუსტად ისე, როგორც 104 წლის წინ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა, მსოფლიო გააოცეს, ლიბერალური დემოკრატიის მიმართ ერთგულებითა და სიმამაცით, დღევანდელ საქართველოსაც სჭირდება თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანობის, სოლიდარობის, თანასწორობის და ადამიანის უფლებების პრინციპებისა და იდეალების ერთგულება.

თუმცა, სანამ 2023 წლის შემოდგომა დადგება, ივლისში ნატოს ვილნიუსის სამიტია. ევროკავშირთან დაკავშირებული დებატებისგან განსხვავებით, ნატოს სამიტის შესახებ საზოგადოებამ პრაქტიკულად არაფერი იცის, არ არსებობს საჯარო დიალოგის რაიმე ფორმატი ან დისკუსიისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია. რას უნდა ველოდოთ? რის მიღწევას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება? სად ვდგავართ ნატოში გაწევრიანების გზაზე? მიგვაჩნია რომ ამ კითხვებზე უნდა გვქონდეს ღია დიალოგი როგორც მთავრობასთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სწორედ ამგვარი დისკუსიის დაწყებას ემსახურება ჩვენი კონფერენცია.

2022 წლის 30 მაისს შევკრიბეთ და განვიხილეთ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და მისი გავლენა საქართველოზე. როგორ გაგვაერთიანა რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ, თითქმის მთელი ცივილიზებული სამყარო და გაუხსნა გზა უსაფრთხოების სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ხედვებს, თანამშრომლობისა და ინტეგრაციისთვის. წელს კი გვსურს შევაფასოთ საქართველოს მდგომარეობა და განვსაზღვროთ, საკმარისია თუ არა გატარებული რეფორმები კანდიდატის სტატუსის მისაღებად? როგორ მოქმედებს, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები საქართველოს მომავალზე? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ქვეყანას წარმატების მიღწევაში?” – აცხადებს „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.