ფინეთი რუსეთთან საზღვარზე კედლის აშენებაზე ფიქრობს

ფინეთის სასაზღვრო სამსახური გამოვიდა წინადადებით რუსი ლტოლვილების მასობრივი მიძალების შემთხვევაში რუსეთთან საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე კედელი აშენდეს. ამ იდეას მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

წინადადებას საზღვარზე კედლის აშენების შესახებ ფინეთის სასაზღვრო დაცვის ახალ ანგარიშშია შეტანილი. საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსი, პასი კოსტომოვაარა ამბობს, რომ კედელი საჭიროა იმ შემთხვევისთვის, თუ ლტოლვილების ნაკადი კატასტროფული იქნება – სტიქიური, ან რუსეთის მიერ სპეცილურად ორგანიზებული.

ფინეთის მესაზღვრეების შეფასებით ბარიერების აშენება რუსეთ–ფინეთის 1300 კილომეტრიანი საზღვრის ყველაზე საშიშ მონაკვეთებზე ქვეყანას 100 მილიონი ევრო დაუჯდება.

ფინეთის შს მინისტრი,  კრისტა მიკონენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს მესაზღვრეების იდეას.

“ჩვენ ვიცით, რომ დამცავი ნაგეგობების ქონა საზღვრის საშიშ მონაკვეთებზე სასარგებლო შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია და ეს საკითხი უნდა განვიხილოთ“– თქვა მიკონენმა.

21 სექტემბრის შემდეგ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, იმ რუსების რიცხვი, ვინც რუსეთ–ფინეთის საზღვარი გადაკვეთა თითქმის გასამმაგდა. თუ ადრე საშუალოდ დღეღამეში საზღვარს 3 ათასამდე რუსეთის მოქალაქე კვეთდა, ბოლო დღეებში ეს რიცხვი 9 ათასამდე გაიზარდა.