“ქართული ოცნება კლავს” – ბათუმსა და თბილისში რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ

თბილისში ქართული ოცნების ოფისთან და ბათუმში მთავრობის სახლთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ.

ამის მიზეზი ის ინფორმაციაა, რომელიც გუშინ, 24 ნოემბერს ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. მან ამის დასადასტურებლად აუდიოჩანაწერებიც გამოაქვეყნა, რომელიც თავად ფუკარაძემ ჩაწერა.

ამ წუთებში თბილისშიც და ბათუმშიც პოლიციის ათობით ეკიპაჟია მობილიზებული. აქტივისტების მოთხოვნაა, დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც ზეწოლაში მონაწილეობდა. აქციაში მონაწილეობენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებიც.